სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ბოლო დღეებში შემოსული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ. შესამჩნევია, რომ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ურეკავენ და დეპარტამენტში დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. დეპარტამენტის თანამშრომლები მათ არ უმარტავენ დაბარების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, მათ უმრავლესობას აქვს საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი.
პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნის გავლით.
მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევება არ შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. მიგვაჩნია, რომ ამ ღონისძიების გამოყენება, ამ პირებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების პარალელურად, დაუსაბუთებელია და უნდა შეწყდეს.
მიგრაციის დეპარტამენტში დაბარების შემთხვევაში, შეგიძლიათ:
მოითხოვოთ განმარტება - რა მიზნით ხდება თქვენი ადმინისტრაციულ ორგანოში დაბარება;
მოითხოვოთ ოფიციალური უწყების წერილობითი ფორმით გამოგზავნა;
დაუკავშირდეთ თქვენი ქვეყნის საკონსულოს/საელჩოს საქართველოში;
დაუკავშირდეთ ადვოკატს და მიიღოთ სამართლებრივი დახმარება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
უფლებები საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
გააზიარე: